ინფორმაცია საქართველოს მოქალაქისათვის
I. საკონსულო რეგისტრაცია
II. საქართველოს მოქალაქის ახალი ტიპის პასპორტების ბეჭდვის დაწყებასთან დაკავშირებით საჭირო ფოტო სურათის მონაცემები
III. საკონსულო აღრიცხვა
IV. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
V. არასრულწლოვან პირითათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
VI. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა
ფორმა №1 პასპორტისათვის 
ფორმა №1 პირადობის მოწმობისათვის 
დანართი №2 საქართველოში დასაბრუნებელი განცხადება 
განცხადება/შეტყობინება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ 
საკონსულო რეგისტრაცია - 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ყველა სრულწლოვანი (16 წელს მიღწეული) მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ დარჩენას აპირებს ექვს თვეზე მეტი ხნით ვალდებულია საკონსულო რეგისტრაცია გაიაროს მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში. საკონსულო რეგისტრაციის გასავლელად საჭირო დოკუმენტები და პროცედურა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობისა და ბინადრობის მოწმობა. იმ შემთხვევაში თუ არ გაგაჩნიათ პირადობის მოწმობა უნდა წარმოადგინოთ დაბადების მოწმობა (უცხოეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული).
- შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა ფორმა №1

- ბრიტანეთში თქვენი საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი
- 4 ფერადი ფოტოსურათი (3Х4)
- პირადობის მოწმობის გაცემა ითვალისწინებს საკონსულო რეგისტრაციას და საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს £12
საქართველოს მოქალაქის ახალი ტიპის პასპორტების ბეჭდვის დაწყებასთან დაკავშირებით საჭირო ფოტო სურათის მონაცემები - 
- 5 (ხუთი) ცალი ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 სმ
- მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი
- თეთრ ფონზე
- პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილი სურათი (GLOSSY PAPER)
- სადაც ფოტოს 70-80% უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება (CLOSE UP)
- ან ამ სახით გადაღებული ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
საკონსულო აღრიცხვა - 
- საკონსულო ოლქში მყოფი (მუდმივად მცხოვრები ან დროებით მყოფი) საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა, ექვემდებარებიან საკონსულო აღრიცხვას
- (საკონსულო აღრიცხვისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არ გაიცემა ან შეიცვლება)
- საკონსულო მოსაკრებელი £9
საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და პროცედურა -
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა იმ შემთხვევაში თუ პირველად იღებთ პასპორტს და (ან) პირადობის მოწმობას უნდა წარმოადგინოთ დაბადების მოწმობა (უცხოეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული).
- 5 (ხუთი) ახალი ტიპის პასპორტის სურათი
- საკონსულო მოსაკრებელი ₤36
არასრულწლოვან პირითათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და პროცედურა - 
იმისათვის, რომ არასრულწლოვან პირზე გაიცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საჭიროა:
- შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა (ფორმა №1) (შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ) იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს არ შეუძლია წერა ფორმა №1
შეიძლება შევსებულ იქნას მშობლის (მეურვის) მიერ.
- მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.
- პასპორტის გაცემის აუცილებლობის წერილობითი დასაბუთება, რაც შეიძლება იყოს წერილი სკოლიდან, მოწვევა უცხოეთიდან, მშობლების წერილი, რომ ბავშვს უწევს დამოუკიდებელი მოგზაურობა ბილეთის ან მგზავრობის დაჯავშნის დამადასტურებელი საბუთის ასლთან ერთად.
- მშობლები უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
- დაბადების მოწმობა (უცხოეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული).
16 წლის ასაკიდან მოქალაქემ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა - 
საქართველოში დაბრუნების მიზნით, მოქმედების ვადა გასული ან დაკარგული ან მგზავრობისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებზე, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მეზღვაურებზე და პირებზე, რომელთა საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება, გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა.
საქართველოში დასაბრუნებელი განცხადება დანართი №2
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა დაუყოვნებლივ გაიცემა თუ პირი წარმოადგენს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას;
- ვადაგასულ საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიძლება;
- საქართველოს ბინადრობის მოწმობას;
- მეზღვაურის წიგნაკს;
- მფრინავის მოწმობას;
საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად შეიძლება ივარაუდებოდეს შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:
- სამხედრო ბილეთი ან მისი ასლი;
- მართვის მოწმობა ან მისი ასლი;
- დაბადების მოწმობა ან მისი ასლი;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობითი დადასტურება პირის ვინაობის შესახებ;
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენისას საკონსულო თანამდებობის პირი ჩათვლის, რომ არ არის საკმარისი მონაცემები მოქალაქეობის დამაჯერებლად ვარაუდისათვის, კონსული უფლებამოსილია შეხვდეს პირს.
დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა შესაძლო უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს განცხადების (მომართვის) მიღებიდან 45 დღისა.